გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი დააკავეს 2 დეკემბერს გამთენიას რესპუბლიკის მოედნის მიმდენარე ტერიტორიაზე იმ დროს, როცა აქციის მონაწილეები პოლიციამ ალყაში მოაქცია.
დავითურის თქმით, მან ამ დრომდე არ იცის რას ედავებიან, არ უნახავს და გაცნობია დაკავების ოქმს. "ამ დრომდე არ ვიცი, რა დავაშავე. საშუალოდ მაინც ვიცი სამართალი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და არაფერი დამიშავებია. დაკავების დროს სპეცრაზმმა დამარტყა სახის მარჯვენა მხარეში, გადაადგილების მომენტში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის რამდენიმე ეპიზოდი და პოლიციის მანქანაში ჩასმამდე იყო ჩემს მიმართ კიდევ ერთი დარტყმა". მის საქმეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერი განიხილავს.
გრძელდება ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში.
შსს-ს დღეს განსახილველად 33 მათგანის საქმე შემოიტანა. ისინი 1, 2 და 3 დეკემბერს დაკავებულები არიან. უცნობია, რომელ მოსამართლეებს დაეწერებათ საქმეები. მხარეები ამ ინფორმაციას სასამართლოში სხდომამდე წუთებით ადრე იგებენ. ეს მოცემულობა ასევე არგუმენტია სასამართლო აპარატისთვის უარი უთხრას მედისას გადაღებაზე, რადგან მათი წესებით, პროცესის გადაღებაზე განცხადება სხდომამდე ერთი საათით ადრე იწერება.
ცნობილია, რომ დღეს გაიმართება იურისტების გიორგი დავითურისა და ბექა ბასილაიას პროცესებიც. ორივე მათგანი პოლიციამ აქციაზე დააკავა. ადვოკატების თქმით, განურჩევლად ყველა დაკავებული ნაცემია.
პროტესტის მეექვსე დღე - რადიო თავისუფლების ფოტოგრაფის დათო ქორიძის ფოტოები.
რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტებმა დელისამდე მსვლელობა მოაწყვეს
აქციის მონაწილეებმა, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტროსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციის გამოჩენაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ „დელისთან“ დასრულდა.
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა დაშლა 03:30 საათისთვის განაახლა. მათ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
ფორუმი