საპროტესტო აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, დილით განაცხადა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”(საია) მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენების გარდა, მათ ტერიტორიიდან გასასვლელი გზა გადაუკეტეს.
საიას ინფორმაციით, 1-2 დეკემბერს, მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი „ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის”.
საიას თანახმად:
ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.
კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას (დაკავებულია ონლაინმედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი).
ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.
„გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს”, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
გასული ღამის განმავლობაში შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი.
პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს.
შსს-მ კვლავ განაცხადა, რომ „აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და „აგრესიული ჯგუფების" მხრიდან ისევ იყო პოლიციელებზე თავდასხმები და მათთვის ქვების, პიროტექნიკის, ცეცხლმოკიდებული ნივთების, შუშის ბოთლებისა და რკინის საგნების სროლა.
შსს-ს თანახმად, 1-2 დეკემბერს დაშავდა 21 თანამშრომელი, ხოლო აქციების დაწყებიდან - 113.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დაკავებულია 200-ზე მეტი.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ფორუმი