Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია მეტროსადგურ "რუსთაველში" ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს


პოლიციამ მეტროში ხალხს სცემა.
პოლიციამ მეტროში ხალხს სცემა.

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა და სცემა მეტროსადგურ "რუსთაველის" ზედა ვესტიბიულში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა და მათ გასასვლელად დაუტოვა მეტრო, ზანდუკელის ქუჩა და ელბაქიძის დაღმართი.

რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით დაძრულ აქტივისტებს გადაკეტილი დახვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა. მათი ნაწილი მეტროში შევარდა, უკან პოლიცია მისდევდათ, ნაწილი კი გარეთ დარჩა რუსთაველის ძეგლთან. ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ათეულ დემონსტრანტს პოლიცია მოუწოდებდა, ტერიტორია მეტროთი დაეტოვებინა. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს უწოდებდნენ "ომონს", ისმოდა სხვა შეძახილებიც.

ამ დროს პოლიციელები დაედევნნენ აქციის მონაწილეებს, შეცვივდნენ მეტროს ფოიეში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს, რამდენიმე მათგანი დააკავეს, მათ შორის გამოცემა "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი, და დატოვეს ტერიტორია.

ჩაგელიშვილი პოლიციელებს უხსნიდა, რომ ჟურნალისტი იყო და მათ წინააღმდეგობას არ უწევდა.

მეტროში გარკვეული დროით გამორთული იყო ესკალატორი. როგორც მოგვიანებით, მეტროს ქვედა ვესტიბიულიდან უკან ამობრუნებულმა დემონსტრანტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მეტროს თანამშრომლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ესკალატორი მათ გამორთეს და ეს იმიტომ, რომ პოლიციის დევნისგან დაეცვათ თავი.

რუსთველზე, პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია 1 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათზე დაიწყო. პოლიცია პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებდა, რათა მათთვის ხელი შეეშალა პარლამენტის შენობასთან მიახლოებაში. პარლამენტის შენობიდან გამოტყორცნილი ჭავლი მიმართული იყო ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებისკენაც.

აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის 02:00 საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი.

ამის შემდეგ, დილით 06:30 სთ-მდე, რუსთაველის გამზირის ორ მონაკვეთზე მომიტინგეებს აღმართული ჰქონდათ ბარიკადები, ანთებდნენ ცეცხლს და მათი მისამართით გასროლილ ცრემლმდენი აირის კაფსულებს პლასტმასის ბოთლებში აგროვებდნენ.

სპეცრაზმელები ცრემლმდენი გაზის გამოყენების პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტების ნაწილს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა რაოდენობა.

უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG