რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერიძე, რომელიც წუხელ პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს, საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უკვე მოინახულმა ექიმმა და ამ წუთებში ადვოკატი ელის მასთან შეხვედრას. დამატებით ცნობები, თუ როგორ გრძნობს ის თავს, ამ ეტაპზე არ გვაქვს.
თბილისში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ადამიანების ადვოკატები აღნიშნავენ, რომ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორები გადავსებულია.
ბექა ბერაძეს რადიო თავისუფლება ღამის 03.00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება - რაზე არ დაემორჩილა მათ.
ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. ჩვენი ინფორმაციით მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მის შესახებ ინფორმაციასაც ვაზუსტებთ.
მესამე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. 30 ოქტომბრისა და 1 დეკემბრის ღამეს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.
ჩვენ ველით განახლებულ ცნობებს როგორც ბექა ბერაძის, ისე მისი ძმის მდგომარეობაზე. სიახლის შემთხვევაში მასალას განვაახლებთ.
ფორუმი