თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 1 დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი კლინიკაში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობით.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 დაშავებული, ხოლო მანამდე, 28-29 ნოემბრის ღამეს - 33.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.
ფორუმი