რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათგან რამდენიმე კლინიკაშია გადაყვანილი.
პირდაპირი ეთერში მუშაობისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული. როგორც ტელეკომპანიაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, აქციის დაშლისას მან ფეხის არეში მიიღო მძიმე დაზიანება და ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.
კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორიც.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა კლინიკაში ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანი. როგორც მისი მეგობარი, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ეუბნება, ბიჭს, სავარაუდოდ, სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად:
„არ ვიცი რა მოხდა, მოვრბოდით, ჩაარტყა, მე დამეცა, ოთხჯერ გაითიშა, ოთხჯერ, ძლივს მოვაბრუნეთ“.
მეგობრები ავრცელებენ ინფორმაციას კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი მოქალაქის შესახებ:
„თამარ ჟვანია გადაყვანილია საავადმყოფოში. როგორც ვიცი, ბოლოს სპეცრაზმის წინ იდგა. მეტი ვერაფერი ვერ გავარკვიე. უჭირს მეტყველება. არ იცის, სად არის, სავარაუდოდ, ინგოროყვაში“, - წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი.
პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი.
აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ უჭირთ სუნთქვა, რადგან ჰაერი გაჯერებულია სამართალდამცავების მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებებით.
რუსთაველის გამზირზე დაშავებული დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების ზუსტ რაოდენობას ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში, დღის 4-5 საათისთვის ავრცელებს ხოლმე.
29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.
ერთი დღით ადრე, 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდება რუსთაველის გამზირზე.
დემონსტრანტები აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.
28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
პირველი დეკემბრის ღამეს უკვე დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი. დაკავებულების ზუსტ რაოდენობას შინაგან საქმეთა სამინისტრო დილით გაავრცელებს.
ფორუმი