„ჟურნალისტი ვარ, რატომ მირტყამთ?! რა წესი დავარღვიე?!“ - მიმართავდა ჟურნალისტი პოლიციელებს, რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
მოგვიანებით პოლიციელები კვლავ მიუახლოვდნენ ჟურნალისტს და უთხრეს: „ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე?!“ შემდეგ კი კვლავ გაუსწორდნენ ფიზიკურად.
პოლიციის ჟურნალისტთან დაპირისპირება RealPolitika-ს ფეისბუკგვერდის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
„რადგან ჩემი იქ ყოფნა არ მოეწონათ, ათამდე სპეცრაზმელმა წრეში მომაქცია და მირტყეს, სანამ არ მობეზრდათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არაფერს ვამბობ. რაღაც ეტაპზე მეთაური მოვიდა, რომელიც ცდილობდა ბეჯი პირში ჩაეტენა“, - ასე იხსენებს ზარქუა მასზე ძალადობის შემთხვევას.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს განაცხადა, რომ „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი.
სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
პოლიციამ დღესაც, 29-30 ნოემბრის ღამესაც გააგრძელა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავება, რომლის დროსაც ისინი კვლავ ძალადობდნენ მოქალაქეებზე.
ფორუმი