აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობს გზის სავალი ნაწილის ჩახერგვას. ხალხი რუსთაველის გამზირზე გაფანტულად დგას, მათ შორის მკვეთ და პარალელურ ქუჩებზე.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-მ განაცხადა, რომ „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
პოლიციამ დღესაც, 29-30 ნოემბრის ღამესაც დააკავა რამდენიმე ადამიანი. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობენ.
ფორუმი