საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ. საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილმა.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 116-მა თანამშრომელმა გამოაქვეყნა განცხადება: „2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს…“
განცხადება გამოაქვეყნა 17-მა მოსამართლემ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
პარალელურად გავრცელდა საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების წერილიც. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ: „აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
განცხადებას 16 ადამიანი აწერს ხელს.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს“, - ასეთი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტროს 262-მა თანამშრომელმა.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა მწერალთა სახლის 5 თანამშრომელი.
„გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე დაარბიეს ჟურნალისტები, ჩვენი მოქალაქეები, დაპატიმრებულია ათობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორისაა პოეტი, ზვიად რატიანი. იმის გამო რომ მწერალთა სახლმა არ გააკეთა არანაირი განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და კონსტიტუციით განსაზღვრული, მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“.
სასწავლო პროცესს აჩერებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
განცხადებას ავრცელებენ თსუ-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სადაც ნათქვამია, რომ გმობენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები გმობენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას. „ეს განცხადება მიგვაჩნია კონსტიტუციის უხეშ დარღვევად და საქართველოს მოსახლეობის ნების უგულებელყოფად! ევროინტეგრაციის პროცესის გაწყვეტა შეუქცევადად დააზიანებს, მათ შორის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ერთობლივ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებს და გამოიწვევს ქართული აკადემიური სივრცის დასავლური სამყაროსგან იზოლაციას, რაც როგორც საგანმანათლებლო სისტემისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისთვის, დამანგრეველ შედეგებს მოიტანს“.
განცხადებას 52 ადამიანი აწერს ხელს.
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“, რომელიც აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, აპირებს აღარ გადაიხადოს გადასახადები, „თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას… თანხები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა მიემართოს სახელმწიფო გადასახადებისთვის, ჩვენ გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში“.
საერთო განცხადება გააკეთეს თბილისის კლუბებმა. მათ სისტემის მსხვერპლებსა და მძევლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება მოითხოვეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მასალა განახლდება.
ფორუმი