„თბილისის საკლუბო სცენა არასდროს დამორჩილებია და არც ახლა აპირებს დაემორჩილოს არალეგიტიმური ხელისუფლების მანკიერ მცდელობებს, გაანადგუროს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარი...
მიმდინარე ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა, გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.
კლუბები: BASSIANI, KHIDI, LEFT BANK-ი, MTKVARZE, TBILI ORGIA და TES-ი აცხადებენ, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ამ პროცესში ყველა ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია:
„სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.
ფორუმი