ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ლეგიტიმური პროტესტის მეცხრე ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა
ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა „შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება“.
მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ს.კ.
შსს წერს, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს „ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე 48 ადამიანია დაკავებული.
შსს მათ ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ფორუმი