შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე 48 ადამიანია დაკავებული.
შსს მათ ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
უწყება, 7 დეკემბრის დილას გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.
შსს ამბობს, რომ აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა. „პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს“.
უწყების ცნობით, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.
„აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ“.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა, რომ სანაპიროზე გაჩერდა სამი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.
მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა ტერიტორია დატოვა - ბიზნესმენმა დავით მიქაძემ. სავარაუდოდ, მისი დაცვის წევრები ადგილზე დარჩნენ; დატოვეს ორი ავტომობილიც.
„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს ერთ-ერთი მათგანი მუშტმოღერებული როგორ უპირისპირდება დემონსტრაციის მონაწილეებს.
რადიო თავისუფლებას მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი როგორ კიდებს ხელს მუცელზე ჩამოკიდებულ, დაფარულ იარაღს, შემდეგ კი იღებს კიდეც. „გადით, ბიჭო, იქეთ“, - ყვირის იგი და დემონსტრანტებს აგინებს.
რამდენიმე წუთში ისინი ტერიტორიას გაეცალნენ.
ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გააგრძელეს და საბოლოდ იპოდრომთან დაიშალნენ.
რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული აქციებიდან 9 დღის თავზე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით 386 პირია დაკავებული.
ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლდმდენი აირი.
ფორუმი