ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ.
„ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ამასთან, გამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, რომ დამოუკიდებელმა წყარომაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მარიამ ნიკურაძე, სავარაუდოდ, დასაკავებელ პირთა სიაშია.
რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი - ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ.
ტელეწამყვანი ბექა ყორშია სავარაუდოდ დააკავეს
მეგობრის ცნობით, თბილისში საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ბექა ყორშია.
„რობოკოპები ჩამოვარდნენ ელბაქიძის დაღმართზე და ვეღარ ვპოულობ“, - იუწყება მეგობარი.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის შემდეგ, სანაპიროზე გადაინაცვლა, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე გაჩერდა ორი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.
„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს ერთ-ერთი მათგანი მუშტმოღერებული როგორ უპირისპირდება დემონსტრაციის მონაწილეებს.
ფორუმი