Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების სია: ვინ და როგორ დაშავდა აქციის დარბევისას


აქციის დარბევისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა - ვინ არიან ისინი
აქციის დარბევისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა - ვინ არიან ისინი

28-29 ნოემბერს პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას, არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის - რადიო თავისუფლების რეპორტიორები.

პოლიციელები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ - ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები შეასხეს.

  • რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა - სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი;
  • მოგვიანებით რადიო თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს ჩაარტყეს მუცელში ხელი და მიწაზე დაგდების შემდეგ - წიხლი; რადიო თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა: „თქვენ აფუჭებთ საქმეს“.
  • სპეცრაზმელმა სცემა „ფორმულის“ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, გურამ როგავას, რომელიც პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა. მას თავის არეში ჩაარტყეს, რის შემდეგაც მიწაზე დაეცა. მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
  • „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს და დაკავებისას სცემეს - „ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა“, - ამბობს ის.
  • მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
  • „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს გააგდებინეს ტელეფონი, რომელზეც ფეხით შედგნენ; მას ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.
  • „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი გივი ავალიანი - მას პოლიციელებმა წიწაკის სპრეი შეასხეს.
  • „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
  • "ტვ პირველის" ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის თანახმად, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
  • „ფორმულის“ ცნობით, "ტვ პირველის" ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • კიდევ ერთი ოპერატორი, "ტვ პირველის" თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას;
  • "ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას წყლის ჭავლი მიუშვირეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას;
  • აქციაზე დაშავდა პირველი არხის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი.

ეს არასრული სიაა, რომელიც დროთა განმავლობაში, ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ახლდება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა“, - აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავებს:

  • „იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
  • არ შეასრულონ უკანონო დავალებები“.

ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა:

„მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას, უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას“, - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.

დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის საპოლიციო ძალებმა თბილისში რუსთაველის გამზირი დაიკავეს და დემონსტრანტების დაკავება განაგრძეს რესპუბლიკის მოედანთან.

დაკავებულია აქციის არაერთი მონაწილე, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია. რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-თან ინფორმაციის დაზუსტებას.

თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.

შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაშალა.

დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ერთად ურტყამდა დემონსტრანტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG