Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა - ნაცემი ჟურნალისტი


ალექსანდრე ქეშელაშვილი
ალექსანდრე ქეშელაშვილი

ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა და დაკავებისას სცემა, ამბობს, რომ გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს.

„თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში“, - წერს ქეშელაშვილი ფეისბუკში.

„სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა. გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი“, - იხსენებს იგი.

ჟურნალისტის მონათხრობის თანახმად, წაართვეს კამერები, ჟურნალისტის სამკერდე ნიშნები და აირწინაღი.

„ასე, ხელიდან ხელში გადავყავდით. ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს. იქ გამიკეთეს ბორკილები“, - წერს იგი.

მისი თქმით, მოითხოვა სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც პოლიციელებმა დასცინეს.

„განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში. ვიტარებ გამოკვლევებს, მაგრამ მხნედ ვგრძნობ თავს, გული მწყდება, რომ ვეღარ ვაგრძელებ ახლა ჩემს პროფესიულ საქმიანობას“, - აღნიშნავს ის.

ქეშელაშვილის ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობისას სცემეს „ფორმულის“ ტელეწამყვანს, ჟურნალისტ გურამ როგავას.

ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო.

მანამდე პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, - მას შემდეგ, რაც მათი მისამართით აქციის მონაწილეებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ისროლეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რომელშიც, აქციის მონაწილეების თქმით, წიწაკის სპრეი იყო გარეული.

დაშლის პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტებს.

რადიო თავისუფლება ცდილობს მათი ზუსტი რაოდენობის გარკვევას. დაკავებულთა შორისაა პოეტი ზვიად რატიანი.

შსს-ს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

პოლიციელები აგრესიულად ეპყრობოდნენ როგორც დემონსტრანტებს, ასევე ჟურნალისტებს.

ისინი იგინებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებენ აქტივისტებს, დაკავებისას კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით“, პროტესტი „კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით“ დაარბიეს.

აქციის დაშლისას დაშავდნენ ჟურნალისტებიც:

  • რადიო თავისუფლების რეპორტიორს სახეში მუშტი ჩაარტყეს;
  • დააკავეს და მალევე ხელწერილით გამოუშვეს "პუბლიკის" ჟურნალისტი ლექსო ქეშელაშვილი, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი და სახეზე ემჩნევა ნაიარევები - ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციამ სცემა.
  • დაშავდა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციაზე ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა გააკრიტიკა. „მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ“, - განაცხადა მან.

28 ნოემბრის საღამოს სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება „უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე“.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციამ „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება შეადარა 2013 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, - რასაც „ღირსების რევოლუცია“ მოჰყვა.

სპონტანური, დაუგეგმავი დემონსტრაციის მონაწილეებთან საღამოს მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - რომელიც ცოტა ხნით ადრე დიპლომატიურ კორპუსსა და ოპოზიციას შეხვდა.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, ის შსს-ის სპეციალური დანიშნულების ძალებისკენ წავიდა და მიმართა: „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“

მანამდე მან დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს: „არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა. მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე“.

ეს მოვლენები ვითარდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე - არჩევნებიდან, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ახალ პარლამენტსა და მთავრობას კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

პარლამენტმა ისე ცნო საკუთარი უფლებამოსილება, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას არჩევნების შედეგები გასაჩივრებული ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა პარლამენტის რეგლამენტთან.

28 ნოემბერს, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე „ოცნების“ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG