შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაებში შეკრებილ დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
შსს მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - წერია შსს-ს განცხადებაში.
თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია პოლიციის სპეცტექნიკა. პოლიციის ავტობუსები შევიდა პარლამენტის ეზოშიც.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ და საქართველოს ოთხ სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ მიიწვია ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, ელჩებს მან მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები".
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.
ფორუმი