გორში ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება.
დემონსტრანტები მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, აქციას შეუერთდნენ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებიც. იქ მივიდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ, კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტურიც.
მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც არჩევნები მოიპარა, ახლა რუსეთთან მეგობრობას გვთავაზობს, რომელმაც მისი ძმა მოკლა და თვითონ არასოდეს შეურიგდება ამ მოცემულობას. "ქვეყანა და ქალაქი, რომელსაც რუსეთი ბომბავდა, არასოდეს გარუსდება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი.
„ჩვენ აქ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავად გამოვედით, სწორედ ეს მუხლი გვიჩვენებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას. დღეს იქამდე მივედით, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე და 78-ე მუხლზე ფეხით გადაიარეს. ამას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხულია. ახლა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი საშუალებით დაუპირისპირდეს, კონსტიტუციის გათელვას“ - ამბობს გორის მკვიდრი ივანე კოპაძე.
გორელი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში თბილისში დაგეგმილ აქციებს შეუერთდებიან და იბრძოლებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება.
თბილისში, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარალელურად, დემონსტრანტების ნაწილი აქციას მართავდა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მთავარი ოფისის წინ. ისინი მსვლელობით უერთდებიან პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ მიიწვია ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, ელჩებს მან მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები".
"დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი, მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდნენ, რომ შეიძლება რაღაცაა დასამტკიცებელი. ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმისი, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი, ხალხის და საზოგადოების მოთხოვნაა - ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება", - თქვა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, დღეს დაესვა წერილი იმ "საკონსტიტუციო გადატრიალებას", რომელიც დაწყებულია.
"ყველას, ვისაც ჰქონდა რაღაცა ეჭვი, შეიძლება არა, შეიძლება რაღაცა სხვაა, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს გამოაცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ, ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს, საკუთარ მომავალს".
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.
ფორუმი