Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დაწყებიდან 23 თვე გავიდა, დასრულების თარიღი კი ისევ უცნობია


მეტროსადგური „ვარკეთილი“
მეტროსადგური „ვარკეთილი“

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საზოგადოებას აცნობა, რომ დასრულებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია, რომელიც მერიის დაკვეთით განახორციელა „ბადა ქონსთრაქშენმა“. კომპანიას კიდევ ერთი მეტროსადგურის - „ვარკეთილის“ - სრული რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული.

„ვარკეთილში“ სამუშაოების დაწყებიდან 23 თვე 2024 წლის 21 ნოემბერს გავიდა. თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, როდის ექნება დედაქალაქის გარეუბანს განახლებული მეტროსადგური. საბოლოო თარიღის დასადგენად საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რასაც კომპანია ბოლო რამდენიმე კვირაა ელოდება.

შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 21 დეკემბერს​ ხელშეკრულება დაიდო 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე, საიდანაც კომპანიას მიღებული აქვს 3 მილიონ ლარამდე, თანხის 22 პროცენტი.

კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:

  • „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვე გაგრძელდა;
  • დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამი წელი გაგრძელდა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა 21 ივნისს ამოიწურა - 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG