Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წლის თავზეც ხარაჩოებში - "ავლაბრის" მეტრო დათქმულ ვადაში არ გაიხსნება


მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიული. 12 ივლისი, 2023 წელი
მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიული. 12 ივლისი, 2023 წელი

მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რემონტი დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც არ დასრულებულა. მგზავრები ბაქანზე კვლავაც უკანა შესასვლელიდან ჩადიან.

ერთი წლის თავზე

ავლაბრის მოედანზე, იქ სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი და ქეთევან დედოფლის გამზირი ერთმანეთს კვეთს, ავტობუსების გაჩერების უკანა მხარეს ერთსართულიანი შენობაა. ეს მეტროსადგური "ავლაბარია".

მისგან ახლა მხოლოდ კარკასია დარჩენილი და რკინის ჯებირი აქვს შემორტყმული. ფასადიდან ჩამოხსნილია მეტროს აღმნიშვნელი მანათობელი ნიშანიც.

მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიული. 12 ივლისი, 2023 წელი
მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიული. 12 ივლისი, 2023 წელი

ხელშეკრულება ტენდერის გარეშე

კომპანია "ბადა ჯგუფს" ("ბადა ქონსთრაქშენ") 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება თბილისის მერიამ ტენდერის გარეშე გაუფორმა. მასთან "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" კიდევ ერთი უტენდერო, 13,4-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. მერიამ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციაც "ბადა ჯუფს" დაუკვეთა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" სამუშაოების უტენდეროდ ჩატარების აუცილებლობა დროის მოგებით ახსნა. მერია გეგმავდა, მეტროსადგური მანამდე გაეხსნა, ვიდრე ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდებოდა.

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დაახლოებით 8 თვის წინ, 2022 წლის ნოემბერში დასრულდა, მეტროსადგურის ვესტიბიული კი ისევ ხარაჩოებშია.

სატრანსპორტო კომპანიის დასაბუთება უტენდეროდ შესყიდვის აუცილებლობაზე
სატრანსპორტო კომპანიის დასაბუთება უტენდეროდ შესყიდვის აუცილებლობაზე

ხელშეკრულების ბუნდოვანი ნაწილი

"ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციისთვის დადებული ხელშეკრულება საჯაროა და გამოქვეყნებულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. დოკუმენტი ისეა შედგენილი, რომ მასში არ არის მითითებული ხელშეკრულების გაფორმების კონკრეტული თარიღი და მოქმედების ხანგრძლივობა.

სამუშაოს შესრულების ვადისა და ადგილის პუნქტში ასეთი დათქმაა ჩადებული: კომპანია, რომელიც მშენებლობას ჩაიბარებს, ვალდებულია პროექტი დაამთავროს (შესაბამისი უწყების) ნებართვის გაცემიდან 8 თვეში.

ხელშეკრულების ვადაზე ინფორმაცია
ხელშეკრულების ვადაზე ინფორმაცია
სამუშაოები სატრანსპორტო კომპანიის დაკვეთით სრულდება, ნებართვას კი ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტი გასცემს.

ერთადერთი მონაცემი, რომელიც ეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადას, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გაკეთებული მინაწერია. სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ დოკუმენტი 15 ივლისამდე მოქმედებს.

ფოტო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან
ფოტო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

ხელშეკრულებასა და მოქმედ პირობებს შორის ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებია:

  • სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ კონტრაქტორმა სამშენებლო უფლება 2022 წლის 23 დეკემბერს მიიღო;
  • გამოდის, რომ მას უფლება აქვს, სამუშაოები 8 თვე, 23 აგვისტოს ჩათვლით აწარმოოს. ამ დროს ხელშეკრულების მოქმედების თავდაპირველი ვადა 1 თვის გასული იქნება.

რა ხდება ახლა

ხელშეკრულების ამოწურვამდე 3 დღით ადრე გაირკვა, რომ "ავლაბრის" ვესტიბიულის დასრულებას დამატებითი სამუშაოები სჭირდება.

მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიული. 12 ივლისი, 2023 წელი
მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიული. 12 ივლისი, 2023 წელი

"სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა, შესაბამისად, დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე კვლევა... საექსპერტო დასკვნების მიღების შემდეგ მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი და დოკუმენტაციის სრული პაკეტი წარედგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე 12 ივლისს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ დღეს, 14 ივლისს, „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა კიდევ 8 თვით, 2024 წლის 15 მარტამდე.

XS
SM
MD
LG