"ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, ერთი მხრივ ადმინისტრაციასა და, მეორე მხრივ, სტუდენტებს შორის, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად სთავაზობენ და სთხოვენ სტუდენტებს ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას.
გვჯერა, რექტორისა და სტუდენტების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას", - წერია განცხადებაში, რომელიც ვრცელდება ფეისბუკგვერდზე "სტუდენტები ხმების დასაცავად".
სტუდენტების სიტყვებითვე, რექტორ ჯაბა სამუშიასა და სტუდენტებს შორის ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც საჯარო სივრცეში, მედიების თანდასწრებით არ ჩატარდება, არის "არალეგიტიმური და არ გამოხატავს თსუ-ის სტუდენტების საერთო ნებას".
"თუ ჯაბა სამუშიას ჩვენთან შეხვედრა სურს, ეს უნდა მოხდეს, ისევ და ისევ, მხოლოდ მედიების წინ, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით, ჩვენივე შედგენილი ფორმატით.
უცვლელი რჩება ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და აუდიტორია 023-ში სტუდენტების პროტესტი გრძელდება.
ისინი, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. სტუდენტები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
- 14 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა. მათ მსგავსად ღამის უნივერსიტეტში გატარება სურდა თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს. 15 ნოემბერს გვიან საღამოს, თსუ-ს პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
- 19 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახული იყო, როგორ შედიოდნენ საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის ეზოში გამთენიისას, აქციის დაშლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თსუ-ში ახალგაზრდებმა შესვლა მოახერხეს 20 ნოემბერს, 02:00 საათზე.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. შსს-ს განმარტებით, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდგე შევიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა ცეცხლის რამდენიმე კერა გააჩინეს. ამ ინფორმაციის საილუსტრაციოდ ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა სამეთვალყურეო ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეო, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიაწოდა.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა მოითხოვა რექტორის, ჯაბა სამუშიას, როგორც მომხდარზე პასუხისმგებელი პირის, გადადგომა თანამდებობიდან.
- 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათგან სამი მალევე გაათავისუფლეს. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
- დაკავებულთაგან სამი პირის სასამართლო სხდომა ჩატარდა 20 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს 2700- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ორი დაკავებული კი 8-8 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
- დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
- 21 ნოემბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული 21 წლის ახალგაზრდის შესახებ.
- 20 ნოემბერს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაშლილიყვნენ ახალი გეგმის შესამუშავებლად. ამას წინ უსწრებდა უნივერსიტეტთან ღამენათევი აქციის მონაწილეების იძულებით გადაყვანა პოლიციის მიერ ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე 20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის.
ფორუმი