Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიაზე ორი ახალი დარტყმის შესახებ იტყობინება


როგორც იტყობინებიან, 2024 წ. 19 ნოემბერს გავრცელებულ ამ ფოტოზე ასახულია ამერიკული წარმოების ATACMS-ების გაშვება უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით.
როგორც იტყობინებიან, 2024 წ. 19 ნოემბერს გავრცელებულ ამ ფოტოზე ასახულია ამერიკული წარმოების ATACMS-ების გაშვება უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინის სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე სამიზნეებზე ორი დარტყმა განახორციელეს დასავლური იარაღით. ეს რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა მსგავსი დარტყმების შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელევიზიით ილაპარაკა ადრე განხორციელებულ ორ იერიშზე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაარტყეს სამხედრო ობიექტებს. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, კურსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, ლოტარევკის რაიონში, 23 ნოემბერს ამერიკული წარმოების ხუთი რაკეტა ATACMS-ი ესროლეს S-400 საზენიტო-სარაკეტო დივიზიის პოზიციებს. ამასთან, როგორც იტყობინებიან, სამი ATACMS-ი განადგურდა და ორმა მიზანს მიაღწია. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „დარტყმის შედეგად დაზიანდა რადარი. პირად შემადგენლობაში არიან დაშავებულები“.

მეორე დარტყმა, როგორც იტყობინებიან, 25 ნოემბერს განხორციელდა რვა რაკეტა ATACMS-ით კურსკ-ვოსტოჩნის აეროდრომზე, შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს და ერთმა მიზანს მიაღწია, რის შედეგადაც ორი სამხედრო მსუბუქად დაშავდა. თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს რაკეტების ნამსხვრევების ფოტოებს, რომლებიც, როგორც აცხადებენ, რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებიდანაა.

უწყება აღნიშნავს, რომ „აკონტროლებს ვითარებას“ და რომ ახლა „საპასუხო მოქმედებები“ მზადდება.

უკრაინული და რუსული წყაროები ადრე იტყობინებოდნენ კურსკის ოლქში ATACMS-იებით თავდასხმების შესახებ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ტელეგრამის არხმა Fighterbomber-მა, რომელიც ახლოს არის რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან, ინფორმაცია გაავრცელა კურსკ-ვოსტოჩნის აეროდრომზე თავდასხმის შესახებ, ისიც რვა რაკეტისა და მცირე დაზიანებების შესახებ წერდა.

გასულ კვირაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედროებს ნებართვა მისცა, გამოიყენონ ATACMS რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშებისთვის. თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია მხოლოდ 25 ნოემბერს დაადასტურა ოფიციალურად. ასევე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა საფრანგეთის მიერ მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების ნებართვა. როგორც ჩანს, დიდმა ბრიტანეთმაც მისცა კიევს შესაბამისი ნებართვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ ასეთი უფლება ნიშნავს ომში ნატოს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას უკრაინის მხარეს. გასულ კვირაში მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოაცხადა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე დასავლეთის შორსმსროლელი იარაღით დარტყმის შესახებ. მან ასევე ილაპარაკა რუსული საშუალო რადიუსის რაკეტა „ორეშნიკით“ დარტყმაზე ქალაქ დნეპრში მდებარე „იუჟმაშის“ ქარხანაზე. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, შეუტიოს სამხედრო ობიექტებს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მას ეხმარებიან. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთზე დარტყმის ნებართვის შესახებ ცნობების გაჩენის პარალელურად, გამოქვეყნდა პუტინის განკარგულება რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ. რუსეთს ახლა ოფიციალურად აქვს უფლება, ბირთვული იარაღი გამოიყენოს არაბირთვული იარაღით სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდაც კი, თუ ასეთ თავდასხმებს ის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დასავლეთმა უნდა „მოისმინოს“ პუტინის სიტყვები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG