რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-15 პაკეტის პროექტში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მოხვდნენ ჩინეთის კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, ჩრდილოკორეელი სამხედროები და ასევე მსხვილი რუსული დეველოპერული კომპანია „პიკი“. რადიო თავისუფლება გაეცნო ამ დოკუმენტს.
სანქციების წინასწარ სიაში შევიდნენ მორდოვეთის ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი, მომღერალი ლარისა დოლინა, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, გაზპრომის თანამშრომლები, ჩინელი ბიზნესმენები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სამხედროები - კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე კიმ იონ ბოკი და თავდაცვის მინისტრი ნო კვან ჩოლი.
ევროკავშირი ზდუნოვს ადანაშაულებს უკრაინიდან ბავშვების გაყვანაში და კავშირში უკვე სანქციების ქვეშ მყოფ ორგანიზაციასთან, „დვიჟენიე პერვიხ“. დოლინას კი ბრალი ედება პროპაგანდისტულ საქმიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კიმ იონ ბოკი, ევროკავშირის ცნობით, რუსეთში იმყოფება და აკონტროლებს კსდრ-ის კონტინგენტის განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
შეზღუდვების პროექტი მოიცავდა რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „პიკს“ და მის ძირითად აქციონერს, სერგეი გორდეევს. მათ ბრალად ედებათ რუსეთის არმიისა და უკრაინაში მოქმედი კერძო სამხედრო კომპანიების მოხალისეების დაფინანსება და დაქირავება. როგორც „პიკის“, ასევე გორდეევის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს აშშ-ის სანქციები.
სანქციების პროექტის ავტორების თქმით, ავიახაზები UTair რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა სამხედრო პერსონალის საბრძოლო ზონაში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანაში. შემზღუდველ სიაში ასევე მოხვდა დრონ „უპირის“ მწარმოებელი კომპანია „ურალდრონზავოდი“.
უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ სანქციებში პირველად შეიძლება მოხვდნენ კომპანიები კონტინენტური ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები. მათ ბრალად ედებათ რუსული „გარპია-3“ დრონებისთვის ძრავების მიწოდებაში, ასევე რუსეთის მიერ გამოყენებული ირანული შაჰედ-136 დრონის ძრავის კონსტრუქციის გაუმჯობესებაზე მუშაობაში, ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით.
დოკუმენტებში ცალკეა ჩამოთვლილი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობის ტანკერები, რომელთა წყალობითაც რუსეთი გვერდს უვლის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაწესებულ ფასების ზღვარს, და მათთან დაკავშირებული ნავთობის სავაჭრო კომპანიები და გადამზიდველები.
უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 14 პაკეტი. როდის დასრულდება მუშაობა მომდევნო, მე-15 პაკეტზე, ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი