Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატების არმიწვევის მიზეზი განმარტა


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა, რატომ არ მიიწვიეს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები 25 ნოემბერს პარლამენტში.

"დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. უპირველეს ყოვლისა, ეს დღე არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას, სამწუხარო გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური მონაწილეობის ინსტრუმენტალიზება ხდება, ამიტომ, ვფიქრობთ, კარგი და ყველასთვის უმჯობესია...“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთისგან დაფინანსებული ორგანიზაციები და ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოების დასაბნევად მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაზეც, შალვა პაპუაშვილის აღქმით, პასუხისმგებლობა დონორებს ეკისრებათ.

"უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ავრცელებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად", - თქვა მან.

პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი უფლების, ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ როგორ წარმართავს განხილვას, ჯერ მკაფიო არ არის.

საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციის ფონზე იმართება - მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია უკმაყოფილების ნიშნად. პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი რკინის კარებით არის ჩაკეტილი - პერიმეტრს იცავს ასობით პოლიციელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG