Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ


პარლამენტთან აქცია გრძელდება.
პარლამენტთან აქცია გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, - რომლის მონაწილეებიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.

პარლამენტში პირველი სხდომა დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

შენობის გვერდითა შესასვლელებთან პოლიციელები არიან განლაგებული და დემონსტრანტებს არ აძლევენ შესასვლელების ბლოკირების შესაძლებლობას.

დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, 11:30 საათისათვის, რეგისტრაცია უკვე გაიარეს პარლამენტის შენობაში.

პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„ამ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი კახიანმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ოპოზიციის „არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება“.

25 ნოემბერს პარლამენტის სხდომას 12 საათზე გახსნის პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე.

დღის წესრიგი კი, შალვა პაპუაშვილის თანახმად, ასეთი იქნება:

  1. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
  2. მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
  3. შესვენება - რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
  4. შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
  5. მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
  6. განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.

პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.

იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:

  1. „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
  2. მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
  3. მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში სამი მინისტრი იცვლება:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს.
  • იუსტიციის მინისტრი: ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს.
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი: დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG