აქციის მონაწილეები 21 ნოემბერს მსვლელობით მივიდნენ მელიქიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც 19 ნოემბერს დევიძე დააკავეს, შემდეგ კი ასევე ფეხით დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოს მიმართულებით, სადაც სტუდენტებს საპროტესტო კარვები აქვთ გაშლილი.
"თავისუფლების მოედნის" წევრი სიმონ ჯანაშია, რომელიც აქციას შეუერთდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავამხნეოთ ერთმანეთი და დავიცვათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება იწყებს რეპრესიებს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. არა მხოლოდ ადამიანების - ორგანიზაციებისაც. "რუსული კანონი არის ორგანიზაციების შეზღუდვა, მედიის შეზღუდვა. ჩვენ თუ ამის საშუალებას მივცემთ, ეს არის სიმსივნესავით - იწყება პატარა მეტასტაზებით და შემდეგ მთელ ორგანიზმს კლავს", - ამბობს ის.
მათე დევიძეს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. ოფიციალურ ბრალს პროკურატურა მას 22 ნოემბერს, დილით, წარუდგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა“.
საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე.
19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ 21 ნოემბერს სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.
19 ნოემბერს, დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად, შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
ფორუმი