Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირი დაიკავა - აქციის მონაწილეები მელიქიშვილზე დადგნენ


აქცია თბილისში, 20 ნოემბერი, 2024.
აქცია თბილისში, 20 ნოემბერი, 2024.

20 ნოემბრის დილის 6 საათისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და განუმარტეს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობას.

პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა, ის მობილიზებული იყო ასევე კეკელიძის ქუჩაზეც.

"შეკრება- მანიფესტაციის კანონის თანახმად განგიმარტავთ, რომ გზის სავალ ნაწილში შეკრება-მანიფესტაცია დასაშვებია, როდესაც მანიფესტანტთა რაოდენობა მოითხოვს ამას. ახლა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ამიტომ გზის სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლოთ. ჩვენი მოთხოვნაა, გაათავისუფლოთ გზის სავალი ნაწილი. 15 წუთს გაძლევთ დროს", - მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძეს, კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს.

გიორგი ვაშაძემ "გონივრული ვადა" - 40 წუთი - მოითხოვა, რასაც პოლიციის წარმომადგენელი არ დათანხმდა.

"მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ", - უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

დაახლოებით 15 წუთში, პოლიციამ დაიკავა ჭავჭავაძის გამზირი - მათ გზიდან გადაწიეს სკამები, რომლებითაც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირი უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მონაკვეთზე და დაიძრნენ მელიქიშვილის მიმართულებით. პოლიციას ეკავა ვარაზისხევის ამოსასვლელიც და კეკელიძის ქუჩაც.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხება არ მომხდარა. დემონსტრანტები უკან იხევდნენ და სკანდირებდნენ: "რუსებო", "მონებო". მას შემდეგ, რაც მელიქიშვილს გამზირზე სასტუმრო "საქართველოს" გაუსწორდნენ, პოლიციელები ადგილზე გაჩერდნენ.

პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ვაძლევთ საშუალებს მანიფესტანტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციაში".

ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ.

პოლიციამ 19 ნოემბერს გამთენიისას დაშალა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები, რომლებიც იქ იყვნენ 17 ნოემბრიდან და კარვები ჰქონდათ გაშლილი. იმავე ადგილას საღამოს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ და მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG