Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს


სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი პრინციპის დარღვევის გამო, რასაც ჰქვია არჩევნების და საყოველთაობის დარღვევის გამო. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ. მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ. და ბოლომდე არ გამოვცადოთ და ესეცაა ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა და საით უნდა წავიდეს ქვეყანა.

ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი და მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომელიც, როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, შეძლებს გვაჩვენოს, რომ ღირსეული მოსამართლეები ქვეყანაში მაინც გვყავს" - თქვა პრეზიდენტმა 18 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, იმ პოლიტიკოსს არ გადაეცემა დეპუტატის მანდატი, ვისი არჩევის საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეფასების საკუთარი ვერსია შესთავაზა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ არ ცნობს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად და საჭიროდ თვლის ახალი არჩევნების ჩატარებას გარკვეული დათქმებით. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაინიშნოს, რაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დაკომპლექტდება ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, შეიცვლება საარჩევნო კოდექსი და გამარტივდება საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა დამოუკიდებელი საბჭოს მხრიდან.

"მაგრამ ეს ვადა [ახალი არჩევნების ჩატარების] დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე. ერთია, საერთაშორისო გამოძიება... საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება ეუთო-ოდირის მოთხივნებით და დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნით.

ასევე, უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს - არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები" - თქვა პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს შეუგუებლობა და პროტესტი. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა მოსალოდნელ საფრთხეებზეც და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დაუბრუნდეს არჩევნებამდელ პერიოდს და ძველი პარლამენტით, ძველი მთავრობით და პრეზიდენტით განაგრძოს ფუნქციონირება დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

"ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG