პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე დატოვეს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
„ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციების წარმომადგენლებთანაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გეგმა არსებობს და ეს გეგმა არის, ამ ქვეყანაში მშვიდობიანად მივიღოთ ახალი არჩევნები“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისმა თანაგუნდელმა ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარი გეგმის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრებს.
სალომე ზურაბიშვილი ხვდება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას, შემდეგ კი ადმინისტრაციაში მივლენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
უცნობია, შეხვდება თუ არა პრეზიდენტი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს. რადიო თავისუფლება ამ დეტალის გარკვევას ცდილობს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
- „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ცესკოს შედეგების გასაპროტესტებლად, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი გადაკეტეს. დღეს, 18 ნოემბერს, 20:00 საათზე გავა 24 საათი მას შემდეგ, რაც ვარაზისხევის, ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩების დამკავშირებელ წერტილში კარვები გაიშალა და მოძრაობა შეფერხდა.
ფორუმი