Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოპოზიცია ბერლინში ომის საწინააღმდეგო მსვლელობას მართავს


ვლადიმირ კარა-მურზა, იულია ნავალნაია და ილია იაშინი ომის საწინააღმდეგო დემონსტაციაზე, ბერლინი, 2024 წლის 17 ნოემბერი
ვლადიმირ კარა-მურზა, იულია ნავალნაია და ილია იაშინი ომის საწინააღმდეგო დემონსტაციაზე, ბერლინი, 2024 წლის 17 ნოემბერი

17 ნოემბერს ბერლინში იმართება რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლების, ილია იაშინის, იულია ნავალნაიას და ვლადიმირ კარა-მურზას მიერ ორგანიზებული მსვლელობა ომის წინააღმდეგ. დემონსტრანტები მოითხოვენ უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანას, ვლადიმირ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას რუსეთში.

მსვლელობის მონაწილეებმა თავი მოიყარეს ჰენრიეტე-ჰერცის პარკში, საიდანაც ისინი რუსეთის საელჩოსკენ მიემართებიან. მსვლელობას მიუძღვებიან ნავალნაია, იაშინი და კარა-მურზა. დემონსტრანტები სკანდირებენ ლოზუნგებს "რუსეთი პუტინის გარეშე" და "არა ომს".

აქციის დასაწყისში პოლიცია იუწყებოდა, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობდა 1800-მდე პირი - წერს მედიასაშუალება DW.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამად არ არის საპროტესტო აქციების კანონიერად ჩატარების საშუალება. "მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მშვიდობიანი, თავისუფალი და ცივილიზებული რუსეთი არსებობს. ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ არ ვართ ჩუმად და ერთად ვმოქმედებთ" - წერს იაშინი სოციალურ ქსელებში.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ოლექსი მაკეევმა გამოცემა Zeit-ის სტატიაში გააკრიტიკა ანტისაომარი აქცია. დიპლომატი დემონსტრაციას მიიჩნევს "პიარ-აქციად", რომლის "სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს არა რუსეთის მოსახლეობა, არამედ გერმანიის მედია და პოლიტიკოსები". მაკეევის აზრით, "ბრძოლა მიმდინარეობს არა რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ გერმანიის ყურადღების მოპოვებისთვის".

ფორუმი

XS
SM
MD
LG