Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო მანიპულაციას უწოდებს ISFED-ის განცხადებას ამომრჩეველთა სიაში შეუსაბამობაზე


ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების შემოწმება თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. 26 ოქტომბერი, 2024.
ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების შემოწმება თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. 26 ოქტომბერი, 2024.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ გენდერული აქტივობის საკითხით ამომრჩეველზე მანიპულირებს. თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეყრდნობოდა ცესკოდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს.

საქმე ეხება არჩევნებზე მისული ქალებისა და კაცების შესახებ ISFED ის გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას. ორგანიზაციამ ცესკოდან მიღებული მონაცემები დაამუშავა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.

თავიდან ცესკომ ISFED-ი „საარჩევნო ცოდნის ნაკლებობაში“ დაადანაშაულა, შემდეგ კი თქვა, რომ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ინფომრაციაში „ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი“ იყო.

„სამართლიანი არჩევნების“ მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია“, - აცხადებენ ცესკოში.

დღეს, 13 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს საჯაროდ, კიდევ ერთხელ მოსთხოვა განმარტება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ორგანიზაციაში თქვეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან ჯერაც არ მიუღიათ სპეციალური სიების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია.

უფრო ადრე, 7 ნოემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ საარჩევნო დღის სტატისტიკა აჩენდა გარკვეული მანიპულაციების შესახებ ეჭვებს. ამ დღეს ორგანიზაციამ გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ უბანზე ხმა მისცა უფრო მეტმა კაცმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.

არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციური ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG