საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ბაქოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე იმყოფება, მედიასთან საუბარში ასახელებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დროს - კობახიძის თქმით, ახალ პრეზიდენტს ქვეყანა, სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება.
აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში, გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას", - თქვა პრემიერმა ოპოზიციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია "ჭიქაში ქარიშხლის ატეხით არის დაკავებული" და თვითგანადგურების რეჟიმშია. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა, ცესკომ არ ცნოს მათი წევრების, როგორც პარლამენტის არჩეული წევრების, უფლებამოსილება, სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და ამგვარი ინიციატივები პოლიტიკურ პროცესს ვერ დააზიანებს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ფორუმი