საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, შეხვდა. შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს არაერთი, მათ შორის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზეც. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, შეძლებისდაგვარად წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ნათქვამია განცხადებაში.
მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ მოხარულია ილჰამ ალიევთან შეხვედრით.
"საუბარი გვქონდა მათ შორის დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, ისევე როგორც ილჰამ ალიევმა მიიწვია იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში.
როგორც სააგენტო "აზერტაჩი" წერს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. "მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას", რაზეც ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა.
"შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივი მეგობრული და ძმური ურთიერთობები და აღინიშნა ჩვენი თანამშრომლობის დადებითი შედეგები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში", - წერს "აზერტაჩი".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში, რომელიც 11-დან 22 ნოემბრამდე იმართება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
სამიტზე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, ასევე მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში, რომლებიც სხვადასხვა თემაზე გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ფორუმი