9 ნოემბერს დიპლომატიურმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს შეატყობინა, რომ კატარმა უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე და გააფრთხილა ჰამასი, რომ დაჯგუფების ოფისი დოჰაში "აღარ ემსახურება თავის მიზანს".
ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირის ტერორისტთა სიაშია შეტანილი.
კატარი უარს იტყვის შუამავლის როლზე მძევლების გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, სანამ ისრაელი და მისი მოწინააღმდეგე რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, არ გამოავლენენ შეთანხმების მიღწევის "გულწრფელ სურვილს". ამის შესახებ 9 ნოემბერს იტყობინებოდა საინფორმაციო სააგენტო კატარის სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით.
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდგომში განაცხადა, რომ მთლიანად არ უთქვამს უარი შუამავლის როლზე, მაგრამ "შესვენება გამოაცხადა " შუამავლობის საქმეში.
"კატარელებმა ისრაელელებსა და ჰამასს უთხრეს, რომ სანამ ისინი უარს ამბობენ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ არ შეუძლიათ გააგრძელონ შუამავლობა", - განაცხადა წყარომ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.
კატარი, აშშ-სა და ეგვიპტესთან ერთად, შუამავლის როლს ასრულებდა მოლაპარაკებებში, რომელთა შედეგადაც გასული წლის შემოდგომაზე მიღწეულ იქნა ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტა და მძევლების ნაწილის გათავისუფლება, თუმცა მას შემდეგ ამ მოლაპარაკებებს შედეგები აღარ გამოუღია. ბოლო რაუნდი წარუმატებლად დასრულდა ოქტომბერში, როცა ჰამასმა უარი თქვა ცეცხლის მორიგი ხანმოკლე შეწყვეტის შეთავაზებაზე.
მოხელემ ასევე დაუდასტურა სააგენტოებს Financial Times-ის მიერ ადრე გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ კატარში დაიხურება ჰამასის პოლიტიკური წარმომადგენლობა. როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, ის უკვე "აღარ ემსახურება თავის მიზნებს". FT წერდა, რომ კატარის ხელისუფლებამ, აშშ-ის ზეწოლით, პალესტინური დაჯგუფების ლიდერებს მოსთხოვა, დაეტოვებინათ ქვეყანა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების განხილვაზე უარის თქმის გამო. გაზეთი შეგვახსენებს, რომ ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელები და მათი ოჯახები დოჰაში 2012 წლიდან ცხოვრობენ.
ჰამასის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ კატარმა მოძრაობის ლიდერებს მიმართა დოჰას დატოვების თხოვნით, იუწყება საუდის არაბეთის ტელეარხი Al Arabiya დაჯგუფებაში წყაროებზე დაყრდნობით.
The Washington Post-ის წყაროების თანახმად, აპრილში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა ჰამასის ხელმძღვანელობის გაძევების აუცილებლობაზე, თუ ჯგუფი განაგრძობდა მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელთან შეთანხმების წინადადებების უარყოფას.
ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარის ხელისუფლებამ ჯგუფის ლიდერებს უკვე ურჩია საცხოვრებლად ახალი ადგილის არჩევა.
დოჰა მოლაპარაკებებისთვის მოსახერხებლად ითვლებოდა. წყარომ, რომელიც იცნობს ვითარებას, განაცხადა, რომ მოძრაობის წარმომადგენლები შესაძლოა, თურქეთში გადასახლდნენ, სადაც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ღიად აკრიტიკებს ისრაელს.
შარშან ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის თავდასხმისას ისრაელის სამხრეთზე 1200 პირი დაიღუპა და 250 გაიტაცეს, ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 43 552 ადამიანი დაიღუპა და 102 ათასზე მეტი დაშავდა, იტყობინება ღაზის ჯანდაცვის უწყება 9 ნოემბერს.
ფორუმი