Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასის პასუხი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე "შეესაბამება" აშშ-ის გეგმის პრინციპებს - ჰამასის ხელმძღვანელობა


პალესტინელები მუსლიმთა დღესასწაულის, ყურბან ბაირამის - მსხვერპლშეწირვის ლოცვისას ხან-იუნისში, ალ-რაჰმას მეჩეთის ნანგრევებთან
პალესტინელები მუსლიმთა დღესასწაულის, ყურბან ბაირამის - მსხვერპლშეწირვის ლოცვისას ხან-იუნისში, ალ-რაჰმას მეჩეთის ნანგრევებთან

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს აშშ-სა და ევროკავშირის ქვენებში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფების, ჰამასის ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებას, რომ მისი პასუხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ბოლო წინადადებაზე შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმაში წარმოდგენილ პრინციპებს.

კატარში დაფუძნებული დაჯგუფების მეთაურმა ეს განაცხადა 16 ივნისს ყურბან-ბაირამის - მუსლიმური ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსვლაში. "ჰამასი და (პალესტინური) დაჯგუფებები მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გამოყვანას ღაზის სექტორიდან, დანგრეულის აღდგენას და საყოველთაო გაცვლას", - განაცხადა ჰანიემ, რომელიც გულისხმობდა ისრაელელი მძევლების გაცვლას პალესტინელ ტყვეებზე.

ბაიდენმა 31 მაისს წარმოადგინა ისრაელის "სამეტაპიანი", როგორც თვითონ უწოდა, წინადადება, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებებს ღაზაში ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტისა და ასევე ისრაელელი მძევლების ეტაპობრივ გაცვლაზე ისრაელში მყოფ პალესტინელ ტყვეებზე. ეგვიპტემ და კატარმა, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ერთად შუამავლობდნენ ჰამასსა და ისრაელს შორის, 11 ივნისს დამატებითი დეტალების დაზუსტების გარეშე თქვეს, რომ მიიღეს პასუხი პალესტინური დაჯგუფებებისგან აშშ-ის გეგმაზე.

მაშინ ისრაელმა განაცხადა, რომ ჰამასმა უარყო აშშ-ის გეგმის საკვანძო ელემენტები, ჰამასის მაღალი რანგის ხელმძღვანელმა Reuters-ს უთხრა, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჯგუფებამ მოითხოვა, "არ იყო მნიშვნელოვანი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG