Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კუპრაძე: „გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაციას არავინ მიანიჭებს“


ირაკლი კუპრაძე (ცენტრში)
ირაკლი კუპრაძე (ცენტრში)

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა, სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. მისი თქმით, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრები.

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა არჩევნები და, სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჰყავდა ჩართული. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას:

„საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამას ესწრებოდა 26 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, მათ შორის პირველი პირები - ელჩები. არის ძალიან სწორი პოზიცია მათი მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევების ფონზე და ისინი ელოდებიან მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენ უკვე გავაცანით. ისინი ასევე ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, რაც, პირველადი ინფორმაციით, ასევე ძალიან კრიტიკულია და საბოლოოდ მიიღებს იმ ფორმას, რომ გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაციას არავინ არ მიანიჭებს“.

ირაკლი კუპრაძის თქმით, პარტიები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ არჩევნები საზოგადოებამ დაიცვას.

„პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და პრეზიდენტმა უკვე გააკეთეს ბევრი რამ იმისთვის, რომ არსებობდეს კონსოლიდაცია და კომუნიკაცია. პრეზიდენტი კონსულტაციებს აწარმოებს და მუდმივ კონტაქტშია დასავლეთის პირველ პირებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან და მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დაიცვას”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიტიკური ჯგუფების - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - ლიდერებმა საზოგადოებას თავიანთი გეგმა 31 ოქტომბერს გააცნეს:

  • 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება - სადაც საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსაც წარუდგენენ;
  • ერთობლივი საპროტესტო მოძრაობის დაწყება - „გამარჯვების დასაბრუნებლად“ და ახალი არჩევნების ჩასატარებლად;
  • ინტერპარტიული კოალიციის ფორმატში მუშაობა - ძალების გასაერთიანებლად, საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით;
  • საარჩევნო დარღვევების საკითხზე მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან;
  • „ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიების“ მოთხოვნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG