ორგანიზაცია „შემაშფოთებელს” უწოდებს საქართველოში “კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას”.
ორგანიზაციის თანახმად, ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია აშშ-ისა და უკრაინის მიერ.
თავის გამოძიებაში სახელწოდებით: „მალკევიჩის პროპაგანდა, ვაგნერის მოკავშირეთა ქსელი უკრაინაში“, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წერს იმაზე, თუ როგორ შექმნა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პროპაგანდისტული აპარატი უკრაინის სამხრეთში.
საქართველოში ყოფნას მოწმობს მალკევიჩის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ვიდეომასალაც და მის მიერ რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიც. ჩანს, რომ მალკევიჩი თბილისში უკვე 23 ოქტომბერს იმყოფებოდა - მას ფოტოები აქვს გადაღებული მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ტელეგრამის პირად გვერდზე კი იგი ფოტოებს აქვეყნებს გორში სტალინის მუზეუმისა და მცხეთაში სვეტიცხოვლის ფონზე.
მალკევიჩი ტელეგრამის არხ „Ломовка-ს" მოუყვა, რომ საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა.
“ჩემი თვალით ვნახე, რა ხდებოდა, ვიყავი მიტინგებზე, ხალხს გავესაუბრე, საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ ვიყავი აკრედიტებული".
ამავე ინტერვიუში ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უწოდებს „ვადაგასულ პრეზიდენტს“ და „უცხოეთის აგენტს“, რომლის შესახებაც „ქართველ კოლეგებს თვალი აუხილა“.
არჩევნების შედეგების შეფასების კი ამბობს, რომ „უცნაური ხალხი გამოდის და ამბობს, რომ არჩევები არალეგიტიმური იყო, რაიმე მტკიცებულების წარდგენა კი არ შეუძლიათ“ .
ალექსანდრ მალკევიჩი 2023 წელს იმყოფებოდა ოკუპირებულ ცხინვალშიც, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზეც იძებნება.
როგორ შემოვიდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ? ამ კითხვაზე პასუხისთვის რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხი, მიღების შემთხვევაში, ტექსტში აისახება.
გასულ კვირაში საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი და ფოტოგრაფი შტეფან გოსი, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების გაშუქება სურდათ. უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.
- 16 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა.
- 17 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა წასულიყო. ხარატიანი მაშინ სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც ისევ ლუქსემბურგში მოუწია წასვლა.
ფორუმი