უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, "რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა".
"გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიიჩნევს, რომ "არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას".
2020 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ გაყალბებულად და შესაბამისად - არალეგიტიმურად გამოაცხადა. ევროკავშირმა მინსკს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა კი მძლავრი რეპრესიები წამოიწყო.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ „დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, ვინაიდან ქვეყანამ აირჩია რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა და არა გზა ევროკავშირში“.
კრემლი ოფიციალურად უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას. „არავითარი ჩარევა [საპარლამენტო არჩევნებში] არ ყოფილა. ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა“, - უთხრა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ არჩევნების შედეგში რუსეთი კი არა, დასავლეთი ერევა.
ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში.
27 ოქტომბერსვე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.
ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება.
ფორუმი