უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, ვინაიდან ქვეყანამ აირჩია რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა და არა გზა ევროკავშირში“, - ამის შესახებ ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი სიტყვებით, რუსეთმა ჯერ ქვეყნის ტერიტორიები წაიღო, შემდეგ შეცვალა პოლიტიკა და მთავრობა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. თავიდან მათ წაიღეს საქართველოს ნაწილი, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა, ახლა იქ პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიცია. არავითარი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსი საქართველოში. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირისკენ არსვლაა. მათ შეცვალეს პოზიცია, რუსეთმა დღეს გაიმარჯვა, მათ წაიღეს საქართველოს თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მოლდოვაში არსებული ვითარების კომენტირებისას მან თქვა, რომ „რუსეთი იმავე მიმართულებით მიდის“.
„ნახეთ, რუსეთი მიდის იმავე გზით, მათ იმავეს გაკეთება სურთ და იზამენ კიდეც, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს საუბარს წითელ ხაზებზე. თუ ისინი ამას არ შეწყვეტენ და განაგრძობენ ამ რიტორიკას, ორ წელიწადში მოლდოვასაც დაკარგავენ“, - თქვა ზელენსკიმ და უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავებას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ უფრო დიდი ვართ, ამაშია ჩვენსა და საქართველოს შორის განსხვავება - ჩვენ საკმაოდ დიდი ვართ, ჩვენი მოსახლეობა მეტია, მეტი კაცია, ვისაც არ სურდა რუსობა“, - თქვა ზელენსკიმ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.
"შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით", - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ფორუმი