უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომელიც მას მიემართებოდა.
მას შემდეგ, რაც ორბანმა ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ულფ კრისტენსონმა თქვა, რომ „შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“.
კრისტენსონის ამ განცხადების გამო, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ Reuters-მა გაავრცელა.
სააგენტოს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაუდასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იმყოფებოდა და შეხვედრა შედგა. "ჩვენ უნგრეთთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, ორმხრივი დიალოგი ურთიერთობების მნიშვნელოვანი და ბუნებრივი ნაწილია", - უთხრეს "როიტერსს" დამატებითი დეტალების განმარტების გარეშე.
ვიქტორ ორბანმა კი პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ კრისტერსონმა განცხადება შეერთებული შტატების დავალებით გააკეთა.
„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, - დაწერა ორბანმა.
არჩევნებიდან ორ დღეში, 28 ოქტომბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის საქართველოში ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.
29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი და რომ უნგრელი დამკვირვებლების მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ყველა ასპექტი იყო პოზიტიური - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის 28-29 ოქტომბერს განხორციელებულ ვიზიტს საქართველოში და თქვა, რომ ორბანის პოზიცია განსხვავდება ევროკავშირის პოზიციისგან მაშინ, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები "თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად" არ გამოუცხადებიათ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში.
ფორუმი