Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი არჩევნებზე: ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი


ვიქტორ ორბანმა (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ვიქტორ ორბანმა (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მან პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრელი დამკვირვებლების მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ყველა ასპექტი იყო პოზიტიური - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი“.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილების, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო - მშვიდობის არჩევანი გააკეთა“, - თქვა ვიქტორ ორბანმა.

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისცა რჩევაც, როგორ უპასუხოს მოსალოდნელ კრიტიკას:

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა იქნეს მიღებული, როგორც ხდება აქამდე. არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია.

კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში. როდესაც თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს. ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული: თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები - დემოკრატია არ ყოფილა.“

იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მუდმივად აკრიტიკებენ გადადგმული ნაბიჯების გამო, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია, ორბანი ამ საკითხს ასე არ ხედავს:

„მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია:

„ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.

გუშინ, 28 ოქტომბერს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის საქართველოში ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ორბანმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, ქუთაისის სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა საქართველოს, არ დაეშვა „შეცდომა“ და არ დაბრუნებულიყვნენ წარსულში.

27 სექტემბერს სტადიონზე გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გვერდით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ედგა, განაცხადა: ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG