Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას მიმართა


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 2024 წლის 31 ოქტომბერი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 2024 წლის 31 ოქტომბერი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მონაწილეობს ევრაზიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში.

31 ოქტომბერს გახსნილმა ორდღიანმა ფორუმმა თავი მოუყარა ძირითადად, რუსეთთან მჭიდრო კავშირის მომხრე ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, ირანის და სირიის წარმომადგენლებს.

ნატოს და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოკავშირე და დასავლეთისგან სანქცირებული ბელარუსის მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. ევროკავშირმა და ნატომ არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთსა და მის მოკავშირეებთან კონტაქტებისას უნგრეთი ევროკავშირს და ნატოს არ წარმოადგენს.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, სიიარტომ გამოსვლა რუსულ ენაზე დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიის გამო არ დაგმობენ. სიიარტოს განცხადებით, დიალოგის არარსებობამ ევროკავშირი აქცია ნაკლებად უსაფრთხო და ნაკლებად კონკურენტუნარიან სივრცედ და თუ დიალოგის და ურთიერთპატივისცემის პრინციპს არ დაუბრუნდებიან, ევროპა კიდევ უფრო სახიფათო ადგილი გახდება და ზრდის პოტენციალს დაკარგავს.

„ბელტას“ ცნობითვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრაზიასთან თანამშრომლობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ „ხიდების დაწვის იდეა“ უნდა შეიცვალოს „ახალი კავშირების მშენებლობის იდეით". სააგენტოს თანახმად, სიიარტომ ისიც განაცხადა, რომ უნგრეთს არ მოსწონს სანქციების პოლიტიკა.

უნგრეთს, რომელიც 2024 წლის ივლისიდან ექვსი თვით გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მხარი აქვს დაჭერილი უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სხვადასხვა დროს დაწესებული სანქციების 14-ვე პაკეტისთვის.

მინსკის ფორუმის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

28-29 ოქტომბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტისას თან ახლდა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელმაც საქართველოს მთავრობას მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკრიტიკებული არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG