რუსულ დეზინფორმაციაზე მომუშავე ორივე მკვლევარს საკუთარ საბანკო ანგარიშებზე წვდომა ბოლო სამი დღეა შეზღუდული აქვს. რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე სტატია მოამზადა და კითხვებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც. უწყებამ კითხვებზე პასუხად გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია:
„წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს“.
მკვლევრების სახლები 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა. გამოძიებას ისინი ჯერჯერობით არ დაუკითხავს.
სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია:
- 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;
- 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იმავე დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ სამ ოფისშიც, ამოიღეს ტექნიკა და დალუქეს სამუშაო სივრცეები. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა სამ ოფისში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უპასუხოდ დატოვეს რადიო თავისუფლების კითხვა, ეხებოდათ თუ არა სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს ეს განცხადება.
29 ოქტომბერს გაირკვა, რომ ორივე მკვლევარს შეზღუდული ჰქონდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მათ შეზღუდვის მიზეზს ვერ ეუბნებოდა, თუმცა გელავამაც და ბუზიაშვილმაც ეს დაუკავშირეს იმ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ჰელსინკის კომისია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას აფასებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და იმ ამერიკულ ორგანიზაციაზე თავდასხმად, რომელიც მათ ასაქმებს. კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებაში ასევე წერია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში“.
ფორუმი