„შევიტყვე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და ქალბატონი გელავას საბანკო ანგარიშები, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა მათ დამსაქმებელ ამერიკულ ორგანიზაციაზე.
თუ ეს მიგვანიშნებს, რა არის მოსალოდნელი, მაშინ ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ მკვლევრებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააკეთონ თავიანთი საქმე შიშის გარეშე. ჩვენი „მეგობარი აქტი“ საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს დასჯის“, - წერია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.
ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ამერიკულ კვლევით ორგანიზაციაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამაში მუშაობენ. ისინი განსაკუთრებით აქტიურად სწავლობენ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს. მკვლევრების სახლები საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბერს, გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა.
გუშინ, 29 ოქტომბერს კი გაირკვა, რომ ორივე მათგანს შეზღუდული აქვს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ შეზღუდვის მიზეზს მათ ვერ ეუბნება, თუმცა გელავაც და ბუზიაშვილიც ამას უკავშირებენ იმ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ფორუმი