„სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც [ბუზიაშვილს] იგივე პრობლემა აქვს“, - დაწერა 29 ოქტომბერს სოფო გელავას მეუღლემ, გიორგი ნონიაშვილმა ფეისბუკზე.
ოფიციალური შეტყობინება ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით არცერთს არ მისვლია.
რუსულ დეზინფორმაციაზე მომუშავე ორივე მკვლევრის ბინები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაჩხრიკეს, თუმცა საქმის დეტალებზე არც ბუზიაშვილის და არც გელავას ადვოკატებმა ბევრი არაფერი იციან.
როდისაა კანონით დაშვებული კერძო პირის საბანკო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა?
ადამიანისთვის საკუთარ ფინანსებზე წვდომის მომენტალურად შეზღუდვის უფლება სახელმწიფომ 2019 წელს მიღებული კანონით მოიპოვა და ეს ფუნქცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიანიჭა.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი სახელმწიფო უწყებას უფლებას აძლევს, ნებისმიერ ბანკს წერილობით მოსთხოვოს, „ფულის გათეთრებაზე“ „დასაბუთებული ვარაუდის“ გაჩენისთანავე ნებისმიერ ადამიანს შეზღუდვები დაუწესოს „ამ გარიგებასთან ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ“.
სავარაუდოდ, სწორედ კანონის ამ მუხლის საფუძველზე შეუზღუდეს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა გელავასა და ბუზიაშვილს.
„სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს [...] მითითება“, - წერია კანონში.
დამატებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია, ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას აქვს, გაუგზავნოს პროკურატურას, შსს-ს ანდა სუსს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება მათ უწყებაში არ მიმდინარეობს.
- რადიო თავისუფლება კითხვებზე პასუხს ელოდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და პროკურატურიდან.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიგვითითეს. ეს უწყებას 10 სამუშაო დღეს აძლევს პასუხის გასაცემად.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლი ბანკს და ბანკის თანამშრომლებს უკრძალავს, კლიენტს ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზები აუხსნას.
სოფო გელავას ადვოკატი, შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის უცნობია, რომელი კანონის რომელი მუხლით იხელმძღვანელეს ბანკებმა.
„გაუთქმელობის ვალდებულების მთავარი არსი ის არის, რომ კლიენტმა ჩვეულებრივად უნდა გააგრძელოს საქმიანობა და ასე აკვირდებოდნენ მის ქმედებას - საიდან მოდის ფული ან სად გადარიცხა...“ - ამბობს თუთბერიძე.
ბანკებს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მითითებით საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა მიმართვიდან 72 საათის განმავლობაში შეუძლიათ. ეს დრო, წესით, დღეს, 30 ოქტომბერს იწურება. შეზღუდვის გასაგრძელებლად საჭირო შეიძლება იყოს სასამართლოს განჩინება, რომელშიც ახსნილი უნდა იყოს კონკრეტული მიზეზი.
ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ამერიკულ კვლევით ორგანიზაციაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამაში მუშაობენ. ისინი განსაკუთრებით აქტიურად სწავლობენ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს.
მკვლევრების სახლები 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა. გამოძიებას ისინი ჯერჯერობით არ დაუკითხავთ.
სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია:
- 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;
- 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იმავე დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ სამ ოფისშიც, ამოიღეს ტექნიკა და დალუქეს სამუშაო სივრცეები. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა სამ ოფისში. ეხებოდათ თუ არა სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს ეს განცხადება, ამის შესახებ რადიო თავისუფლების კითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უპასუხოდ დატოვეს.
29 ოქტომბერს გაირკვა, რომ ორივე მათგანს შეზღუდული აქვს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ შეზღუდვის მიზეზს მათ ვერ ეუბნება, თუმცა გელავაც და ბუზიაშვილიც ამას უკავშირებენ იმ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
ჰელსინკის კომისია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას აფასებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და იმ ამერიკულ ორგანიზაციაზე თავდასხმად, რომელიც მათ ასაქმებს. კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებაში ასევე წერია, რომ „"ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში“.
ფორუმი