ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრებს, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას, პირად საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ეს მოხდა მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკიდან ოთხი დღის შემდეგ, 28 ოქტომბერს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს სოფო გელავას ქმარი, პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი.
"სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს", - წერს გიორგი ნონიაშვილი და განმარტავს, რომ თითქმის 24 საათია, რაც ბანკებთან ცდილობენ იმის გარკვევას, რის საფუძველზე შეეზღუდათ წვდომა ანგარიშებზე, თუმცა უშედეგოდ. პირველ ეტაპზე ანგარიშზე წვდომის შეფერხება "ტექნიკური პრობლემით" და "პატარა ხარვეზით" აიხსნებოდა.
"ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, ფილიალის მენეჯერი თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. "დაგველოდეთ...დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ..." მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.
ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით", - ჰყვება ნონიაშვილი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სოფო გელავას ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ საბანკო ანგარიშები სასამართლოს განჩინების გარეშე, არაფორმალური საფუძვლით არის შეჩერებული, რის შესახებაც ბანკები ინფორმაციას არ გასცემენ, რაც კანონდარღვევაა.
"განვმარტავთ, რომ ბანკი მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, მათ შორის კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად", - უთხრეს რადიო თავისუფლებას თიბისი ბანკში, თუმცა არ განუმარტავთ, კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღეს ანგარიშებზე წვდომის შეჩერების გადაწყვეტილება.
ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ამერიკულ კვლევით ორგანიზაციაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამაში მუშაობენ. ისინი განსაკუთრებით აქტიურად სწავლობენ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს. მკვლევრების სახლები საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბერს, გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა.
"ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრების სახლების გარდა, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა, სულ ცოტა, კიდევ ორ სხვა საცხოვრებელ სახლსა და ერთ კომპანიაში. ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება ქოლცენტრის საქმის ძიების ფარგლებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. ამერიკული ორგანიზაციის მკვლევრებსა და ქოლცენტრის საქმეს შორის კავშირი ამ დროისთვის არ იკვეთება და ამ კავშირზე არც სახელმწიფო უწყებები არ აკეთებენ მინიშნებას ან განმარტებას.
ფორუმი