27 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება.
„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, არ გავატანოთ ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება“, - განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ძლიერი საქართველო“ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს ყველა სამართლებრივი და კანონიერი საშუალებით:
„პირველად ისტორიაში, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი - შემთხვევა, როცა მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - პირადობის მოწმობების ჩამორთმევით. აიძულეს ისინი დარჩენილიყვნენ სახლში და ისინი გამოიყენეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის“, - თქვა გაერთიანების კიდევ ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ. მისივე სიტყვებით, ისინი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მისიებთან და პარტნიორებთან არჩევნების ამ შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის დასასახად.
ამ ეტაპზე:
- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
- პარტია "საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
- "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენა ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი