Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა


აფეთქებით გამოწვეული კვამლი თეირანში. 2024 წლის 26 ოქტომბერი
აფეთქებით გამოწვეული კვამლი თეირანში. 2024 წლის 26 ოქტომბერი

ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ირანის ტერიტორიაზე. დღეს, 26 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ირანის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ თეირანის შემოგარენში. ისრაელის შეტევა მოსალოდნელი იყო ოქტომბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ზუსტი დარტყმების“ სამიზნე იყო ირანის სამხედრო ობიექტები, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ისრაელმა სამხედრო ობიექტებს შეუტია თეირანის, ხუზისტანის და ილამის პროვინციებში. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა „წარმატებით მოიგერია“ და ზოგიერთ რაიონში მხოლოდ „შეზღუდული ზიანია“.

დილით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ცნობა, რომ ირანზე ავიადარტყმების სამი ტალღის შემდეგ ოპერაცია დასრულებულია.

ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთვის უშუალო საფრთხეთა აღსაკვეთად მიზანმიმართულად და ზუსტად დაარტყეს ირანის სამხედრო ობიექტებს და ისრაელის არმიამ თავისი მისია შეასრულა. ჰაგარის თქმით, თუ ირანი ესკალაციის ახალ ეტაპს წამოიწყებს, ისრაელს შესაბამისი რეაქცია ექნება.

2024 წლის 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის ტერიტორიას 200-მდე რაკეტა ესროლა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდი დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ.

პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის შეტევა ჩაშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია, ირანმა კი დაუშვა „დიდი შეცდომა“ და ამისთვის „გადაიხდის“.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ცნობით, ისრაელზე ირანის შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ამერიკული სამხედრო გემიც. პენტაგონის შეფასებით, 1 ოქტომბრის შეტევა ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ისრაელზე ირანის მიერ აპრილში განხორციელებული პირველი იერიში.

  • ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
  • ჰამასის მხარდამჭერია ჰეზბოლა, რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
  • ჰამასს და ჰეზბოლას მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG