უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, მალევე, - ჯერ კიდევ ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე. 28 ოქტომბერს კი, ორბანი თბილისში ჩამოვიდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელი განცხადებით გახსნა.
მილერმა თავისი განცხადება არჩევნების შეფასებით დაიწყო:
"შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით. ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობასა და სამართლიანი შედეგის შესაძლებლობას", - აღნიშნა მილერმა.
მან თავის გამოსვლაში, ასევე გაიხსენა, რომ წელს არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ კურსს.
"ჩვენ წელს მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება", - თქვა მან.
მილერის სიტყვებით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე, ასევე გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების სასწრაფო პატივისცემის შესახებ.
"ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, განიხილონ ის ურთიერთობა, რაც სურთ ევროპის საზოგადოებასთან, ვიდრე გაამკაცრონ ავტორიტარების მიერ შექებული პოლიტიკა", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რაც ამჟამინდელი მმართველი პარტიის [ქართული ოცნების] მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული.
"საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით", - თქვა მან.
ფორუმი