Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა მოიერიშე თვითმფრინავები აუშვა ცაში დაუდგენელი ობიექტის გამო


საილუსტრაციო ფოტო: რუმინეთის F-16-ები. ბუდაპეშტი, 22 მაისი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: რუმინეთის F-16-ები. ბუდაპეშტი, 22 მაისი, 2024.

რუმინეთმა წუხელ ღამით თავისი ოთხი მოიერიშე თვითმფრინავი აუშვა ცაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ ქვეყნის სივრცე დაარღვია დაუდგენელმა ობიექტმა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროსთან.

სამხედრო სარადარო სისტემებმა ტულჩის რაიონის მიმართულებით მიმავალი მცირე მფრინავი ობიექტი (შესაძლოა დრონი) აღმოაჩინეს, აღნიშნა თავდაცვის სამინისტრომ. გამანადგურებლების პილოტები ვიზუალურად არ დაჰკვირვებიან დრონს, ნათქვამია შეტყობინებაში. ამის შემდეგ სიგნალი დაიკარგა.

რუმინეთში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ერთი კვირის განმავლობაში. წინა შემთხვევის შესახებ იტყობინებოდნენ 17 ოქტომბერს, როდესაც რადარმა მცირე მფრინავი ობიექტი დააფიქსირა დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, საპორტო ქალაქ კონსტანცის რაიონში, რომელიც ასევე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს.

წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები შეიჭრნენ შავი ზღვისა და დუნაის გასწვრივ მდებარე უკრაინის სამიზნეებზე თავდასხმების დროს.

რუმინეთს, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, უკრაინასთან აქვს საერთო საზღვარი, რომლის სიგრძე 650 კილომეტრია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG