მაგრამ ჯერ კიდევ რუმინეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, ამ ზონაში, ისევე როგორც მთელ დობრუჯში (ოსმალეთის იმპერიის მაშინდელ პერიფერიაში) მასობრივად დაიწყეს მიგრირება რუსმა სტაროვერებმა, რომლებსაც მას შემდეგ რუმინეთში ლიპოვანებს უწოდებენ, ამ ადგილებში დღემდე ცხოვრობენ ასევე უკრაინიდან წამოსული ზაპოროჟიელი კაზაკების შთამომავლები.
ივან პაუკოვმა იმოგზაურა დუნაის დელტაში იმის გასაგებად, თუ როგორ აღიქვამენ ეს ადამიანები რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც მათ პირდაპირ, ფიზიკურადაც შეეხო. დრონები და ჭურვები დელტის მოსაზღვრე სოფლებში იმაზე უფრო ხშირად ცვივა, ვიდრე ამაზე საერთაშორისო მედია ლაპარაკობს. რას განიცდიან ლიპოვანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თვლიდნენ საკუთარ თავს რუს ხალხად? როგორ აისახა ომი მეზობლად მცხოვრებ ზაპოროჟიელთა და რუმინელთა შთამომავლებთან მათ ურთიერთობაზე?
„დევნილი ადამიანების“ შთამომავლები
სახმელეთო გზით ჩამოსულთათვის დუნაის დელტა აუცილებლად იწყება რუმინულ ქალაქ ტულჩიდან, ოლქის დედაქალაქიდან. იქ მთავრდება სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა და შემდეგ კი, აღმოსავლეთისკენ გზას მხოლოდ წყლით, იმ მრავალი არხით აგრძელებ, რომლებიც ქმნიან კიდეც უნიკალურ დელტას.
აქა-იქ შემორჩენილ გრუნტის გზებზე უცხო მანქანის შესვლა ძირითადად იკრძალება. აშკარაა, რომ ასეთ ვითარებაში მენავეები თავს მონოპოლისტებად გრძნობენ. მათთან შეხვედრა მეორე დღეს მელოდება, მანამდე კი ბორნით, პირდაპირი არხით, ქალაქ სულინთან მივცურავ.
ცნობილი შუქურას გარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროფონდებიდან გამოყოფილი თანხებით შეკეთდა, სულინში მრავლად არის ისტორიული არქიტექტურა. 10 წლის წინ ქალაქი მულტიკონფესიური იყო და ყველა სათვისტომო იქ თავის კვალს ტოვებდა. და მიუხედავად გაგანია ტურისტული სეზონისა, სულინის უმანქანო გზები ნამდვილი სამოთხეა ძაღლებისა და კატებისთვის.
ბორნიდან გადმოსვლისთანავე მგზავრების უმრავლესობა წინასწარ დაჯავშნილი სასტუმროებისკენ გაეშურა, მე კი ერთადერთი ვიყავი, ვინც კერძო სახლში ღამის გათევის შეთავაზებას გამოეხმაურა.
არჩევანი სწორი აღმოჩნდა: თეთრად შეღებილ „მაზანკაში“ (სტაროვერების სახლის სახელია - რ.თ.) გაიმართა კიდევაც ჩემი პირველი შეხვედრა ადგილობრივ რუს სტაროვერებთან.
„ჭეშმარიტების მომენტი“ კი ვახშამზე დადგა: როდესაც მსჯელობდნენ, თუ როგორ სჯობდა, რომ სტუმარი დელტისკენ გადაადგილებულიყო, კამათში გართულმა ბინის მეპატრონე კაცმა მოულოდნელად ცოლს რუსულად მიმართა: „კარგი ახლა“ (“Да брось ты!”) და ოთახიდან გავიდა.
როდესაც მარტონი დავრჩით, მე დიასახლისს შევეკითხე:
„რუსულად ლაპარაკობთ?“
- რა თქმა უნდა, მე ხომ ლიპოვანი ვარ!
- და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ?
- საყოფაცხოვრებო დონეზე თითქმის არანაირად. ჭურვები და დრონები სულინამდე ვერ აღწევენ, მაგრამ როდესაც ბრძოლა კუნძულ ზმეინისთვის მიდიოდა, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისეთი გრუხუნის ხმა იდგა, რომ ჩვენთანაც ისმოდა, - მპასუხობს ვარვარა.
ვარვარა ისევ რუმინულ ენაზე განაგრძობს საუბარს. ჩანს, მისთვის ეს უფრო იოლია.
„ახლა როგორ გიყურებენ თქვენ რუმინელი თანამოქალაქეები? ლიპოვანები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია შეეთვისეთ ადგილობრივ კონტექსტს, ყოველთვის უსვამდნენ ხაზს თავიანთ რუსობას? თუ მოსდის ვინმეს აზრად, რომ თქვენ რუსეთთან დაგაკავშიროთ?“ - ვეკითხები ვარვარას.
„არა. ეს ჩაუშესკუს მმართველობის დროსაც კი არ მომხდარა, რომელსაც ძალიან აღიზიანებდა ჩვენი ფესვებიც და ჩვენი ეკლესიაც. მაშინ ცდილობდნენ, რომ ჩვენ გამოვეყვანეთ მოსკოვის "მეხუთე კოლონად", მაგრამ ხალხს ეყო იმის ჭკუა, რომ საკუთარი თვალებისათვის დაეჯერებინა და არა ამ სისულელისთვის“, - მპასუხობს ვარვარა და განაგრძობს: „ახლა კი, როდესაც ხელისუფლების დამოკიდებულება არასატიტულო ერებისა და კონფესიებისადმი ნორმალურია, არაფერ ამის მსგავსზე საუბარიც არ მიდის. აი, ადგილობრივ უკრაინელებს კი ზოგჯერ შეუძლიათ ალმაცერად შემოგვხედონ, განსაკუთრებით, როცა რუსული ლაპარაკი ესმით“.
ვარვარა აზუსტებს, რომ მხედველობაში ჰყავს ადგილობრივი უკრაინელები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე რუს სტაროვერებთან თითქმის ერთდროულად დასახლდნენ. ესენი იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს სეჩში („სეჩი“ - უკრაინული ციხესიმაგრე - რ.თ.) ცხოვრება.
"ისინი საკუთარ თავს უწოდებენ „ხოხლებს“
„ჩვენი მოხუცები ჰყვებოდნენ, რომ ხოხლებს [ქსენოფობიური ტერმინი, რომლითაც უკრაინელებს მოიხსენიებენ - რ.თ.] ყოველთვის სძულდათ ყველაფერი რუსული“, - აგრძელებს ვარვარა.
„ხოლო ლიპოვანები მათ იმავეთი პასუხობდით? აი, თქვენ უწოდეთ მათ „ხოხლები“...
„გეტყობათ, რომ აქაური არ ხართ! ისინიც უწოდებენ ასე საკუთარ თავს. ალბათ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოირჩეოდნენ სხვა, ჩრდილოეთრუმინელი უკრაინელებისგან. ჩვენს მხარეში „ხოხოლი“ - ოფიციალურად მიღებული სიტყვაა და მას აუცილებლად წააწყდებით დელტის შესახებ რუმინულ ისტორიულ წიგნებში“.
ერთმანეთის მახლობლად მცხოვრები ორი თემის ურთიერთობას ვარვარა „რთულს“ უწოდებს.
„ჯერ ერთი, ჩვენ სხვადასხვა ეკლესიები გვაქვს. ძველ დროს კი ეს უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ამჟამად. მე ისტორიკოსი არ ვარ, ვერ გეტყვით, თუ რა სტატუსი ჰქონდა მათ ეკლესიას თურქების დროს, მაგრამ, როდესაც თურქები საბოლოოდ გაყარეს დობრუჯიდან და რუმინეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, აქაური რუმინელები უყოყმანოდ მიეკედლნენ რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და იმ დროიდან მოყოლებული სატიტულო ერისგან არ განსხვავდებიან. რადგან მეზობლები ვართ, საყოფაცხოვრებო დონეზე უკრაინელებსა და ლიპოვანებს (სტაროვერებს) შორის კონტაქტები, ცხადია, ყოველთვის არსებობდა. ცოტათი რუსულადაც კი შეეძლოთ ჩვენთან ლაპარაკი. მაგრამ სულ სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ, როცა საქმე ხელისუფლებასთან ურთიერთობას შეეხებოდა: კი, ცხოვრობენ ჩვენთან ვიღაც რუსები, მაგრამ ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მათთან საერთო არაფერი გვაქვსო, - ამბობდნენ. თუმცა ჩვენ არანაკლებ ლოიალური ვართ (რუმინული] სახელმწიფოსადმი, სამასი წელიწადია ვცხოვრობთ ამ მიწაზე, აქაა ჩვენი სახლი, ლიპოვანთა მრავალი თაობის სამშობლო. ისიც მართალია, რომ ჩვენს თემებს შორის არც ღია მტრობა არ ხდებოდა. აგერ ჩემი მეუღლე, გეორგეცი, უკრაინული ოჯახიდან არის“, - მეუბნება ვარვარა.
საუბარში ისიც ირკვევა, რომ ამჟამად რუს სტაროვერებსა და უკრაინელებს შორის შერეული ქორწინება არცთუ იშვიათად ხდება. ცხადია, რუმინულ ეკლესიაში და მათი რიტუალის თანახმად.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქტიურია ლიპოვანებთან რუსეთის საელჩოს კავშირები და თვლის თუ არა სტაროვერებს რუსეთი „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებად“? - ვარვარა ამბობს, რომ თავის სიცოცხლეში ასეთ რამეს ვერ იხსენებს.
„90-იანების დასაწყისში შესაძლებელი იყო რუსული სატელევიზიო არხების ყურება, საინტერესოც იყო. მაგრამ მალე ეს [რუსული ტელევიზია] უკრაინულმა შეცვალა. აქაური უკრაინელები, ალბათ, მას უყურებენ. არ ვიცი, არასოდეს მათთვის ეს არ მიკითხავს“, - ამბობს ვარვარა.
„მალე მაინც დამთავრდებოდეს ეს ყველაფერი“
დილით ექსკურსანტების ჯგუფთან ერთად, დაკლაკნილი არხით სულინიდან ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვრისკენ მშვენიერი ძრავიანი „ლოტკით“ (ნავი) მივცურავთ. Lotca - პოპულარული რეგიონალიზმია, რომელმაც აქ ნორმატიული barca ჩაანაცვლა. ოდესღაც დევნილმა რასკოლნიკებმა ამ ადგილებში ზეპირი რუსული მოიტანეს (წერილობით მაშინ მხოლოდ საეკლესიო-სლავურ ვერსიაში არსებობდა), შედეგად ლიპოვანების სიტყვები და ტოპონიმები ფონეტიკური პრინციპის მიხედვით ჩაეწერა რუმინულ ენაში. ანუ ზუსტად ისე, როგორც ერთნი მათ წარმოთქვამდნენ, ხოლო მეორენი აღიქვამდნენ: lotca, Periprava, Cardon…
სწორედ სოფელ კარდონთან მდებარე პატარა ნავსაყუდელთან ჩერდება ჩვენი „ლოტკა“. აქ მხოლოდ ერთი ეზოა. მეთევზეთა ყოფილი საცხოვრებელი სახლი რესტორნად არის გადაკეთებულია. ტურისტებს გაშლილ მაგიდასთან ეპატიჟებიან, მე კი მეუბნებიან, რომ დაველოდო ტრანსპორტს, რომლითაც გრუნტიანი გზით სოფელ ლეტიამდე მივალ.
პირველი მცხოვრებლები ლეტიაში 1709 წელს ჩავიდნენ. ესენი იყვნენ პოლტავასთან განადგურებული ჰეტმან მაზეპას რაზმის მებრძოლები. 1775 წლისთვის კი მოსახლეობა რამდენიმე ათასამდე გაიზარდა, როდესაც ეკატერინე მეორემ საბოლოოდ გაანადგურა ზაპოროჟიეს სეჩი.
1708 წელს, ჩრდილოეთის ომის დროს, როდესაც მაზეპამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შვედეთის მეფე კარლ XII-სთან შეკრა კავშირი, რუსეთის ეკლესიამ, მეფე პეტრე დიდის პირადი ბრძანებით, ჰეტმანი ანათემას გადასცა. 1709 წლის ივნისში პოლტავის ბრძოლაში შვედეთის დამარცხების შემდეგ, მაზეპა იძულებული გახდა გაქცეულიყო ოსმალეთის იმპერიაში, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ლეტიაში სეირნობის დროს გავიცანი ახალგაზრდა სალმიანი ქალი, ალინა.
„საერთოდ ალენა ვარ, მაგრამ რუმინელებისათვის ალინაა ბუნებრივი. ჩვენ ლეტიაში ბოლომდე რუმინელები არ ვართ, ჩვენ ხოხოლები (suntem haholi) ვართ“, - მეუბნება ალინა.
აღმოჩნდა, რომ აქაური უკრაინელებისთვის უფრო იოლია რუმინულად საუბარი. უკრაინულად ძირითადად მოხუცები ლაპარაკობენ, უფრო ახალგაზრდებს კი უკრაინული ესმით, მაგრამ თითქმის არ ლაპარაკობენ. ალინას თქმით, ხანდახან უყურებენ სატელევიზიო ახალ ამბებს კიევიდან, რაც მათზე დამთრგუნველად მოქმედებს.
„საშინელებაა იმის ნახვა, რაც იქ ხდება. აი, ხალხი იქიდან გარბის და გასაგებია, თუ რა ცხოვრებაა ეს, როდესაც თავზე სულ გაცვივა სიკვდილი... ის ჩვენამდეც აღწევს. მაგრამ ვიღაცამ უნდა იომოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა დაიღუპება. მალე მაინც დამთავრდებოდეს ეს ყველაფერი“, - ამბობს ალინა.
„უკრაინის გამარჯვებით?“, - ვეკითხები
„აბა, როგორ. მთელი ევროპა ეხმარება მას, ამერიკაც, როგორ არ უნდა გაიმარჯვოს! მხოლოდ ადამიანები მეცოდება, მათ ვეღარავინ დააბრუნებს“, - ამბობს ალინა.
"ინტერნეტში ამაზე ყველგან წერია"
მალე ჯიპიც მოდის და გრუნტიანი გზით დუნაის დელტაში მდებარე კიდევ ერთ დასახლებულ სოფელ პერიპრავაში ჩავდივარ.
სოფელი დიდია, მაგრამ ამჟამად იქ ას ადამიანზე ცოტა მეტიღაა დარჩენილი. თითქმის ყველა სტაროვერი ლიპოვანია. რუმინელებს აქ სასაზღვრო სამსახურში და ცალკეულ ოჯახში თუ შეხვდები. მაგრამ ყველგან რუმინულად ლაპარაკობენ.
ჩემი შემდეგი თანამოსაუბრე 57 წლის ტიმოფეია. იგი ქვრივია, შვილები დიდი ხანია საზღვარგარეთ წავიდნენ და სოფელში იშვიათად თუ ჩადიან. ტიმოფეიმ რუსული თითქმის არ იცის, მისი მამა რუმინელი იყო, დედა - ლიპოვანი.
სწორედ მისმა მშობლებმა ააშენეს გასულ საუკუნეში, ომის შემდეგ, ის სახლი, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული ჭურვი მოხვდა.
„მე ბოსტანში ვიყავი, როდესაც ჭურვი სახურავიდან შემოფრინდა, ჭერი გაარღვია და ამ ღუმელს მოხვდა, რომელიც მეორე მხარეს გაიტანა, - მიჩვენებს ტიმოფეი „დაჭრილ“ რკინის ღუმელს, - ვის სჭირდება ეს ომი? რუსეთმა ისედაც არ იცის, სად წაიღოს თავისი მიწები. მაგრამ უკრაინული უკეთესია. და მერე რა? იქნებ სხვების მიწები კიდევ უკეთესია? რა გაუკეთა ცუდი უკრაინამ რუსეთს?“, - რიტორიკულად კითხულობს ტიმოფეი.
მაგრამ განსხვავებულად ფიქრობს სოფლის ეკლესიის დიაკვანი, 40 წლის ვასილი. მას მე ხის ეკლესიაში შაბათს წირვის დასრულების შემდეგ შევხვდი.
„ომი იმიტომ დაიწყო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუს ადამიანებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკის უფლებას არ აძლევდნენ“.
„საიდან მოიტანეთ ეს?"
„როგორ თუ საიდან? ინტერნეტში ამაზე ყველგან წერია“.
„იქ უამრავი რამ წერია. მაგრამ ინტერნეტი წმინდა წერილი არ არის, არ შეიძლება ყველა სიტყვისა გჯეროდეს. თავად თქვენ როდის იყავით უკრაინაში?“
„დიდი ხნის წინ. ბავშვობაში“.
„აი, მეც პირველად ბავშვობაში ვნახე ზუსტად თქვენს მოპირდაპირე მხარეს, უკრაინულ ნაწილზე მდებარე სტაროვერების სოფელი. იქაც ზუსტად ისეთივე რუსები ცხოვრობენ... და იქ დღემდე რუსულად ლაპარაკობენ და ცოტა უფრო უკეთ, ვიდრე აქ“.
„როგორც არ უნდა იყოს, ამერიკასაც აქვს თავისი გლობალური ინტერესი!“ - უკმაყოფილოდ შეაჯამა დისკუსია დიაკვანმა ვასილიმ და სწრაფად მოწყვიტა ადგილიდან თავისი ახალი ტრიციკლეტი.
შაბათ საღამოს წირვა გასაოცრად მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. სასულიერო პირის გარდა, ხის ეკლესიაში მხოლოდ ერთი მოხუცი ქალბატონი იყო, რომელიც დიაკვანს ფსალმუნების წაკითხვაში ეხმარებოდა. ჩემი კოლეგები, რომლებიც 15 წლის წინ ეწვივნენ ამ ადგილებს, ხალხით სავსე სტაროვერების ეკლესიებზე წერდნენ, და არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში.
ფორუმი